რუსულმა სამხედრო ფლოტილიამ, რომელსაც ლიბიაში სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდა, ხმელთაშუა ზღვაში მიმართულება შეიცვალა და უკან გაბრუნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 22 ნოემბერს უკრაინულმა საზღვაო დრონებმა ლიბიის ბენღაზის პორტში რუსულ სამხედრო ხომალდს დაარტყეს.
ინფორმაციას Reuters სამხედრო და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის შეფასებით, კურსის შეცვლა, რომლის შესახებაც მანამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა, აჩვენებს, რომ რუსეთი უკრაინული საზღვაო დრონის თავდასხმის შემდეგ საკუთარი სამხედრო-საზღვაო ძალების დაცვას ცდილობს. დრონმა ლიბიაში, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ზონიდან დაახლოებით 2 000 კილომეტრის დაშორებით, რუსული სამხედრო ხომალდი ჩაძირა.
ევროპელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომელიც კონვოის გადაადგილებას აკვირდებოდა, განაცხადა, რომ კიდევ ერთი კონვოი, რომელსაც რუსეთის ფლოტის ფრეგატი „ადმირალ გოლოვკო“ ახლდა, ბენღაზიზე თავდასხმის დღესვე სიცილიის სრუტესთან უკან გაბრუნდა. ეს სრუტე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროსთან მდებარე მნიშვნელოვანი საზღვაო მონაკვეთია.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების სამსახურების კიდევ ერთმა ინფორმირებულმა წყარომ დაადასტურეს, რომ მეორე ფლოტილიამ ლიბიისკენ მიმავალი კურსი შეცვალა და ამჟამად ალჟირის სანაპიროსთან იმყოფება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, 23 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ლიბიის ბენღაზის პორტთან უკრაინულმა საზღვაო დრონებმა რუსული კორვეტი „მერკური“ ჩაძირეს, რომლის ბორტზე Ка-27 ტიპის ვერტმფრენი იყო განთავსებული. ამასთან, უკრაინულმა ძალებმა დააზიანეს ტვირთმზიდი MV ANGARA, რომლითაც რუსეთს იარაღი გადაჰქონდა.
მოგვიანებით იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინას ლიბიაში მოქმედებები მოკავშირეებთან კოორდინირებული არ ჰქონდა და მათ რუსულ გემებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.
იგივე დაადასტურა ზელენსკიმაც იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან სატელეფონო საუბრისას.