აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, მოლაპარაკებების პროგრესს ხელი შეუშალა 2025 წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე უკრაინულმა თავდასხმამ.
კუშნერის თქმით, მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი 2025 წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა დეკემბრის ბოლოს მომხდარმა ინციდენტმა პროცესი უკან დახია.
„დაახლოებით ერთი წლის წინ მთხოვეს, ამ საკითხზე მემუშავა. ნოემბერში გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ და მუშაობა დავიწყეთ. შემდეგ, დეკემბრის ბოლოს, უკრაინელებმა პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა განახორციელეს, რამაც, ჩემი აზრით, პროცესი უკან დახია“, - განაცხადა კუშნერმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის თებერვლიდან სექტემბრამდე მხარეებთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ, თუმცა არც ერთი მხარისგან არ ჩანდა საკმარისი მოქნილობა და მზაობა საერთო პოზიციების მოსაძებნად.
კითხვაზე, ნამდვილად სურს თუ არა პუტინს მშვიდობა და ომის დასრულება, კუშნერმა დადებითი პასუხი გასცა, თუმცა აღნიშნა, რომ მთავარი საკითხია, რა პირობებით სურს მას ომის დასრულება და შესაძლებელია თუ არა პუტინის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელების მოთხოვნების ერთმანეთთან შეთავსება.
კუშნერის თქმით, მას სჯერა, რომ პუტინს მშვიდობა სურს, თუმცა მთავარი კითხვაა, რა პირობებით და რამდენად შესაძლებელია რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნების უკრაინისა და ევროპული ქვეყნების პოზიციებთან შეთანხმება.
„ვიტყოდი, რომ დიახ, ნამდვილად ვფიქრობ, რომ ის, რაზეც პუტინი საუბრობს, მშვიდობაა. თუმცა, ჩემი აზრით, ყოველთვის ჩნდება კითხვა: რა პირობებით? და არსებობს თუ არა გზა, შევათანხმოთ ის, რაც მას სურს, იმასთან, რაც სურს პრეზიდენტ ზელენსკის და ასევე ევროპელებს?
ჩემი შთაბეჭდილებით, პრეზიდენტ პუტინთან და რუსულ მხარესთან მრავალსაათიანი საუბრის შემდეგ, ტერიტორიული საკითხი ამჟამად გარკვეულ ჩიხშია შესული“, - განაცხადა კუშნერმა.
ინტერვიუს დროს კუშნერმა ასევე უარყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზელენსკიზე ან უკრაინელებზე რაიმე სახის ზეწოლას ახდენს.
მისი თქმით, ამერიკული მხარის ამოცანა მედიატორის როლის შესრულებაა. კუშნერის მტკიცებით, აშშ, პირიქით, უკრაინას ეხმარება და ომში მისი ყველაზე მსხვილი დონორია.