ლიბიის სახალხო კომიტეტი საერთო უსაფრთხოების საკითხებში ამბოხებულებს იარაღის დაყრისკენ და ხელისუფლებისათვის ამბოხების მეთაურების ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება ლიბიის ტელევიზიამ გაახმოვანა.
ამის სანაცვლოდ ხელისუფლება სოლიდური ანაზღაურების გადახდის პირობას დებს. ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვება თუ არა ამ მიმართვას კონკრეტული შედეგები, თუმცა ამჟამად გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხებულებმა დედაქალაქთან ახლოს მდებარე ბევრი რაიონი დაიპყრეს. ამჟამად ამბოხებულები დედაქალაქ ტრიპოლს უტევენ, სადაც პოლკოვნიკ მუამარ კადაფის დაქირავებულები არიან გამაგრებულნი.
The New York Times -ის ინფორმაციით, დედაქალაქის დასაცავად კადაფი რამდენიმე ათეულ ათას უცხოელ დაქირავებულს აგროვებს. თვითმხილველთა თქმით, დაქირავებულები უცხო ქვეყნიდან დედაქალაქისკენ მიმავალი გზების გასწვრივ არიან განლაგებულნი. ამას გარდა, ისინი პატრულირებენ ქალაქის ცარიელ ქუჩებში.
ცუდად შეიარაღებულ არმიას არ ძალუძს ხელისუფლების ხელში ჩაგდება, ვინაიდან კადაფის მხარეს არიან კარგად შეიარაღებული დანაყოფები, ე. წ. რევოლუციური სახალხო კომიტეტები, რომლებშიც 120 ათასი მომზადებული ადამიანია.
"კადაფს შეუძლია ბრძოლოს იმდენი, რამდენიც სურს. მას ძალუძს, სისხლით აავსოს მთელი ლიბია", _ დარწმუნებულნი არიან ექსპერტები.
მათი შეფასებით ნავთობის მილიონიან შემოსავლებზე კადაფი უარის თქმას არ აპირებს, ამიტომაც როგორც კი დასავლეთ ნაწილში საპროტესტო ტალღა საბოლოოდ იქნება ჩახშობილი "ცეცხლითა და მახვილით", კადაფი აუცილებლად წავა თავისი წესრიგის დასამყარებლად აღმოსავლეთში", _ მიიჩნევენ ექსპერტები.
დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებულნი არიან კადაფის მიერ ამბოხებულებთან ბრძოლის მეთოდებით და შიშობენ, რომ იგი ქიმიური იარაღის გამოყენებაზედაც არ დაიხევს უკან. კადაფის მთავრობას არ გაუნადგურებია იპრიტისა და სხვა საბრძოლო მომწამვლავი მსხვილი მარაგები. ინფორმაციას ამის შესახებ "თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ"-ი ავრცელებს.