14 ოქტომბრის ღამეს კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. უკრაინის დედაქალაქის სამ რაიონში დარტყმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, დესნიანსკის რაიონში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე დარტყმის შედეგად 400 კვადრატული მეტრის ფართობზე გაჩენილი ხანძარი მეხანძრეებმა ჩააქრეს.
უწყების ინფორმაციით, ნაპოვნია ორი დაღუპულის ცხედარი. მაშველებმა შენობიდან 16 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია.
გოლოსიივის რაიონში კი ჭურვი არასაცხოვრებელ შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
დნიპროვსკის რაიონში, ერთ-ერთ ლოკაციაზე, განმეორებითი იერიშის შედეგად მიტოვებულ შენობაში ხანძარი გაჩნდა.
დარნიცკის რაიონში მეხანძრეებმა სტადიონის გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.
შევჩენკოს რაიონში კი ჭურვის მოხვედრის შედეგად ერთსართულიან, უფუნქციო შენობაში მცირე ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობაც მეხანძრეებმა ოპერატიულად შეძლეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევის ენერგეტიკულ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მისივე თქმით, პარტნიორებს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ უკრაინა არ გაუფრთხილებიათ.