აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, უკრაინელ და ევროპელ მომლაპარაკებლებთან შეხვედრის წინ დონალდ ტრამპთან უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიმართულებით ბოლო პერიოდში შემუშავებული წინადადებები განიხილეს. ინფორმაციას Axios ავრცელებს.
ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, უიტკოფი და კუშნერი ტრამპს შეხვდნენ, რათა მისთვის აშშ-ის უახლესი წინადადება წარედგინათ და მაიამიში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ მისი მოსაზრებები მოესმინათ. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე მაიკ ნიდჰემი.
განხილულ ინიციატივებს შორისაა ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და მარცვლეულის გადაზიდვებზე თავდასხმებს შეაჩერებს. უკრაინამ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯისთვის მზად არის, თუმცა რუსეთი ამ ეტაპზე შესაბამის მზაობას დიდად არ ავლენს.
„ყველა ზამთრის გამო ნერვიულობს. თუ ომი არ შეწყდება, ზამთარი მძიმე იქნება. ამიტომ აშშ მხარეებს შორის შუამავლობას ცდილობს, რათა მათ საერთო წინადადებაზე შეთანხმება შეძლონ“, - განუცხადა გამოცემას ამერიკულმა წყარომ.
წყარომ განაცხადა, რომ მხარეები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს, ომისშემდგომი აღდგენის გეგმასა და კონფლიქტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განიხილავენ.