„ევროპის სახალხო პარტია“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ნათვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
„ევროპის სახალხო პარტია“ ღრმად შეშფოთებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის, პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრების გამო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მისწრაფებების ძლიერი დამცველი იყო.
„ევროპის სახალხო პარტია“ კარგად აცნობიერებს მის პირად წვლილს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, რომელსაც ის თანმიმდევრულად მისდევდა როგორც მთავრობაში, ასევე ოპოზიციაში ყოფნისას.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პროდასავლური ოპოზიციის პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლოს გიორგი ბარამიძე და სხვა პოლიტიკური პატიმრები საქართველოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2003-2004 წწ) გია ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 11 სექტემბერს დააკავა. ბრალდება 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“ – ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.