უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-4 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსული წყაროების ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კონსტანტინოვკის „აღების“ შესახებ მოახსენა.
გრუნისის დაღუპვის ზუსტი დრო, ადგილი და გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 აგვისტოს თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა გრუნისს რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - „ოქროს ვარსკვლავი“ გადასცა. უწყების ცნობით, გენერალს ჯილდო „სამხედრო მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი სიმამაცისა და გმირობისთვის“ მიენიჭა.
გრუნისის მეთაურობით მოქმედი ქვედანაყოფი უშუალოდ მონაწილეობდა დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკისთვის ბრძოლებში. რუსული ძალები ქალაქის დაკავებას 2025 წლის ოქტომბრიდან ცდილობენ.
რუსეთის გენშტაბი და თავად გრუნისი ჯერ კიდევ ივლისში პუტინს კონსტანტინოვკის სრული ოკუპაციის შესახებ მოახსენებდნენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია მაშინ უარყო.
იგი ჩეჩნეთის ომებსა და საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა.