უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან რუსლან კრავჩენკოს გადაყენებას მხარი დაუჭირა.
გადაწყვეტილებას მხარი 317-მა დეპუტატმა დაუჭირა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ამ დრომდე უცნობია, ვინ ასრულებს გენერალური პროკურორის მოვალეობას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრავჩენკო თანამდებობიდან გუშინ გადააყენა.
შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ სატელეფონო ცენტრების მფარველობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფონზე, რუსლან კრავჩენკომ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 8 სექტემბერს დაწერა. გამოძიება თაღლითური სატელეფონო ცენტრების ქსელისა და აქტივების გათეთრების მფარველობაში გენერალური პროკურატურის თანამდებობის პირის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფის მონაწილეობას ეხება.
ამასთან, 14 სექტემბერს რუსლან კრავჩენკომ გამოაცხადა, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის, სემიონ კრივონოსის წინააღმდეგ ბრალდების წაყენების გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. კრავჩენკო სემიონ კრივონოსს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული სპეციალური ოპერაცია „კართაგენის“ ფარგლებში, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მასალების უკანონოდ ამოღებაში ადანაშაულებს.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრავჩენკოს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი.