უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრა შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, შვეიცარიაში, თურქეთში ან სხვა ქვეყანაში გაიმართოს. ამის შესახებ მან 8 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, შეხვედრის შესაძლო მასპინძლობის სურვილი სხვადასხვა ქვეყანამ უკვე გამოთქვა.
მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი შესაძლოა იყოს ენერგეტიკა და მარცვლეულის ექსპორტი. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარეებმა მხოლოდ საკითხების განხილვით არ უნდა შემოიფარგლონ და შეხვედრას კონკრეტული შედეგი უნდა მოჰყვეს.
ზელენსკიმ მოლაპარაკებების პრიორიტეტებს შორის ასევე დაასახელა ჰუმანიტარული საკითხები, პირველ რიგში, სამხედრო ტყვეების გაცვლა. მისი თქმით, გაცვლების რაოდენობა უნდა გაიზარდოს და პროცესი დაჩქარდეს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევი სამმხრივი შეხვედრის ჩატარებას შემოდგომაზე, შესაძლებლობის შემთხვევაში კი სექტემბერშივე ისურვებდა.