უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის დრონებით განხორციელებულ იერიშს მედიაზე - ტელეარხ „ჩვენ - უკრაინის“ შენობაზე, რომელიც „ერთიანი ამბების“ ტელემარათონის ნაწილია. თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ზელენსკის განცხადებით, ამას ევროპისა და მსოფლიოს რეაქცია უნდა მოჰყვეს.
„დღეს რუსეთმა მედიას, ჟურნალისტებს დაარტყა. დამრტყმელი დრონი „ერთიანი ამბების“ ტელემარათონის ტელეარხ „ჩვენ - უკრაინის“ შენობას დაესხა თავს. ეს უბრალოდ დღისით მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟურნალისტები ეთერში იყვნენ. შენობა ნაწილობრივ დაინგრა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„ამ დროისთვის ცნობილია ხუთი დაშავებულის შესახებ. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს.
„შაჰედები“ მედიის წინააღმდეგ - ეს რუსეთის დეგრადაციის ახალი ფურცელია და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ევროპის და მსოფლიოს რეაქცია. დაუშვებელია უკრაინასა და უკრაინელებზე, ადამიანების სიცოცხლეზე დარტყმის დაუსჯელად დატოვება. რუსეთი უნდა გაჩერდეს და ამის მიღწევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.