ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის, მოსკოვში ვიზიტი განსაკუთრებულ მოვლენას არ წარმოადგენს და რუსეთისგან ბალტიის ქვეყნისთვის მუდმივად მომდინარე საფრთხის შეფასება არ შეცვლილა.
:„ჩვენ ფხიზლად უნდა დავრჩეთ, თუმცა ესტონეთის მხრიდან საფრთხის შეფასება არ შეცვლილა. ბოლო წლებში ნატო-ს წევრებმა მნიშვნელოვანი ზომები მიიღეს კოლექტიური თავდაცვისა და ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. შეკავების საუკეთესო საშუალება ერთიანი და ძლიერი ნატოა, ასევე მოსკოვში მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რომ ალიანსი მზად არის დაიცვას თავისი წევრების ტერიტორიის თითოეული გოჯი,“ - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
მინისტრის თქმით, რუსეთისგან მომდინარე საფრთხესა და ნატო-ს წინააღმდეგ შესაძლო პროვოკაციებს სერიოზულად უნდა მოეკიდონ და ალიანსის წევრი ქვეყნები სწორედ ასე იქცევიან.
ცაჰკნას განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან აშშ-ის ოფიციალური პირები რუსეთის წარმომადგენლებს რეგულარულად ხვდებიან, ამიტომ CIA-ს დირექტორის ვიზიტი რაიმე განსაკუთრებულ მოვლენად არ უნდა განიხილებოდეს.
„ესტონეთი მჭიდრო კონტაქტშია ყველა მოკავშირესთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ვცვლით ინფორმაციას და ვმუშაობთ იმისთვის, რომ რუსეთმა გააცნობიეროს ნატო-ს ერთიანობა და გადაწყვეტილება, დაიცვას საკუთარი ტერიტორია“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გამოცემა Politico-სთვის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რატკლიფმა მოსკოვში ვიზიტისას რუსეთის ოფიციალურ პირებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა აშშ-ის ნატო-ელ მოკავშირეებთან, კერძოდ, ესტონეთთან, ლატვიასა და ლიეტუვასთან, დაპირისპირება გაამწვავოს.