აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტზე ისაუბრა.
შოუ The Glenn Beck Program-ის ეთერში მან განაცხადა, რომ ამ ვიზიტისგან შესაძლოა „რაღაც გამოვიდეს“.
„ჯონ რეტკლიფი შესანიშნავი ბიჭია. ის CIA-ს ხელმძღვანელია და იქ უმიზეზოდ არ ჩასულა. ამ ვიზიტისგან შესაძლოა მართლაც რაღაც გამოვიდეს. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამ ომის დასასრულებლად. და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ორივეს - ვოლოდიმირ ზელენსკისაც და ვლადიმირ პუტინსაც ამის დასრულება სურს“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „რუტინული“ უწოდა. მან ასევე უარყო წამყვანის ვარაუდი, რომ ვიზიტი შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო პუტინის სურვილთან, შეემოწმებინა NATO-ს სიმტკიცე, ირანის წინააღმდეგ სანქციებთან ან დიდ ბრიტანეთზე შესაძლო თავდასხმასთან.
„ზემოთ ჩამოთვლილთაგან არცერთი არ არის ვიზიტის მიზეზი“, - აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი რუსეთში ჩავიდა. Axios-ის ინფორმაციით, ეს რეტკლიფის პირველი ვიზიტი იყო მოსკოვში მას შემდეგ, რაც მან CIA-ს დირექტორის თანამდებობა დაიკავა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტი რუსეთში იანვრის შემდეგ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის მიზანი „სპეცსამსახურებს შორის კონტაქტი“ იყო. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი CIA-ს დირექტორთან გამართული კონტაქტების შედეგების შესახებ ინფორმირებული იყო. ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინსა და რეტკლიფს შორის შეხვედრა არ შემდგარა.