სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი საკუთარი თავის გადასარჩენად და საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების გადასაფარად, ცდილობს პოლიტიკა გამოიყენოს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. ის პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერის მიერ გავრცელებული წერილების შინაარსი, მანამდე გამოქვეყნებული წერილის შინაარსს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
„სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი საკუთარი თავის გადასარჩენად და საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების გადასაფარად ცდილობს, პოლიტიკა გამოიყენოს. მას აღიარებული აქვს უმძიმესი დანაშაული - ფულის გათეთრება პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ამავდროულად იგი ბრალდებულია სხვა კორუფციულ დანაშაულში - თანხების მითვისებაში. ახლა საკუთარი თავის გადასარჩენად არაერთ წერილს ავრცელებს, რომელთა შინაარსიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ხოლმე მანამდე გამოქვეყნებული წერილის შინაარსს. მეორე მხრივ, რა ქართულით არის დაწერილი ეს კიდევ ცალკე საკითხია“, - განაცხადა გორდულაძემ.