რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სა და თურქეთს უკრაინისთვის იარაღის შესაძლო მასშტაბური მიწოდების გეგმებთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვას თქმით, უკრაინისთვის თურქეთის გავლით ამერიკული იარაღის მასშტაბური მიწოდების გარემოებები და პირობები „უკიდურესად წინააღმდეგობრივია“. მისი განცხადებით, რუსეთი ასევე ითხოვს განმარტებას, ვინ არის რეექსპორტის ინიციატორი და როგორ და როდის იგეგმება იარაღის უკრაინისთვის გადაცემა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა გააფრთხილა, რომ უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდება სერიოზულ ზიანს მიაყენებს მოსკოვის ურთიერთობებს როგორც ვაშინგტონთან, ისე ანკარასთან. ზახაროვას თქმით, აშშ-ისა და თურქეთის მცდელობა, ერთდროულად გამოიყენონ სამშვიდობო რიტორიკა და უკრაინას იარაღი მიაწოდონ, „ურთიერთნდობას ძირს უთხრის“.
8 აგვისტოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ თურქეთისგან შესაძლოა შეიძინოს 70 ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტა, 12 M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ათიათასობით კასეტური საბრძოლო მასალა.
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაბამისი დოკუმენტები კონგრესს 3 აგვისტოს გადაუგზავნა, ხოლო კონგრესის მიერ დადგენილი 15-დღიანი განხილვის ვადის გასვლის შემდეგ გადაცემის ნებართვა ძალაში შევა, თუ მას არ დაბლოკავენ.