გავრცელებული ხმები, ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ქვეყნიდან გაქცევის შესახებ, ცრუ აღმოჩნდა.
ქვეყანაში არეულობების დაწყების შემდეგ, კადაფი პირველად ტელევიზორში გამოჩნდა.
სახელმწიფო ტელევიზიაში 20 წამიანი ჩართვის დროს, მან განაცხადა, რომ დედაქალაქ ტრიპოლში, მის მოწინააღმდეგე სტუდენტებთან შეხვედრას აპირებდა საპროტესტო აქციის დროს, თუმცა წვიმამ შეუშალა ხელი.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ტრიპოლში ვარ. არ დაუჯეროთ ტელევიზიებს, რომლებიც სკანდალზე არიან ორიენტირებულები. ტრიპოლში ახალგაზრდებთან ვაპირებდი მისვლას, მაგრამ გაწვიმდა", - განაცხადა კადაფიმ.
ლიბიაში საპროტესტო ტალღა 7 ქალაქს გადაედო. საპროტესტო აქციები 1 კვირის წინ დაიწყო. დემონსტრანტები მუამერ კადაფის 42 წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ. აქციებს ხელისუფლება ძალის გამოყენებით შლის, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით დაახლოებით 300 ადამიანია დაღუპული.
ლიბიიდან საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები გაიყვანა გერმანიამ და თურქეთმა. იგივეს აპირებენ სხვადასხვა კომპანიები და ქვეყნები.
ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ლიბიის ხელისუფლებას დემონსტრანტებზე ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. საგარეო უწყების ხელმძღვანელები გმობენ განხოციელებულ ძალადობას და ქვეყნის ხელისუფლებას დიალოგის დაწყებას ურჩევენ. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესმა კომისრმა კეტრინ ეშტონმა გააკეთა.
"მოვუწოდებთ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყვენების შეწყვეტისკენ და მხარეებს კი გამოიჩინონ თავშეკავებულობა", - განაცხადა ეშტონმა.
ეშტონმა ლიბიის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისკენ მოუწოდა.
გუშინ, 21 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, ლიბიაში სტაციონალური და მობილური სატელეფონი კავშირის სადგურების გათიშვის შესახებ. "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, ხელისუფლებამ ტრიპოლიში სახალხო მღელვარებაში მონაწილეთა წინააღმდეგ მასშტაბური აქცია წამოიწყო.
დემონსტრანების დასაშლელად ხელისუფლება სამხედრო ავიაციას იყენებს.