ლიბიის ქალაქებს, სადაც ანტისახელისუფლებო აქციები მიმდინარეობს, ნავთობსაექსპორტო პორტი რას-ელ-ანუფენი მიემატა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივი ნავთობსაექსპორტო და ნავთობქიმიური კომპლექსის თანამშრომლები თავდაცვის კომიტეტებს ქმნიან, რათა კომპლექსი მოროდიორების შესაძლო თავდასხმისგან დაიცვან.
დღესვე შეჩერდა ნავთობის მოპოვება ლიბიაში ერთ-ერთ უმსხვილეს საბადოზე ნაფურაზე. საბადოზე მომუშავე ადამიანებმა ლიბიის ხელისუფლების ქმედებები გააპროტესტა და ბენგაზსა და სხვა ქალაქები დემონსტრანტების დარბევა დაგმო. ამას გარდა, მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
ლიბიას აფრიკაში ნავთობის მარაგებით მეორე ადგილი უჭირავს. ბუნებრივი აირის მარაგით იგი მეოთხე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის ძალები ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბენგაზში ამბოხებულების მხარეს გადავიდნენ, ქალაქი მთლიანად ამბოხებულების ხელშია.
ბენგაზში სახალხო მღელვარებები 15 თებერვალს დაიწყო. ამბოხებულები მუამარ კადაფის ხელისუფლების დამხობას მოითხოვენ, რომელიც ქვეყნის სათავეში უკვე 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება. არეულობების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა უკვე 300 აღწევს.
შეტაკებები ხდება ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლშიც. ტრიპოლი ქვეყნის მმართველ მუამარ კადაფის მთავარ დასაყრდენ ქალაქს წარმოადგენს.