ბაჰრეინში მიმდინარე ანტისახელისუფლებო გამოსვლების შედეგად უკვე დაღუპულია 7 კაცი. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს-პრესი" ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბაჰრეინში მღელვარება 14 თებერვალს დაიწყო. მანამის ცენტრში, მარგალიტის მოედანზე შეკრებილებმა პოლიტიკური რეფორმები და "ჭეშმარიტი საკონსტიტუციო მონარქიის დამყარება" მოითხოვეს.
ამბოხებულთა უმრავლესობა მუსულმანი შიიტები არიან და ისინი ბაჰრეინის მოსახლეობის 75 %-ს შეადგენენ. მუსულმანი შიიტები ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების სათავეში მუსულმანი სუნიტები დგანან, მეტ უფლებებსა და გავლენას მოითხოვენ.
ხელისუფლებამ მღელვარებებისათვის ბოლოს მოღება ძალის გამოყენებით სცადა. შედეგად პოლიციასთან შეტაკებაში ექვსი კაცი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. სამეფოს დედაქალაქში ჯარი შეიყვანეს და მარგალიტის მოედანი ტანკებით ჩახერგეს.
ამის შემდეგ მმართველმა დინასტიამ მოულოდნელად ტაქტიკა შეცვალა. ბაჰრეინის ტახტის მემკვიდრე უფლისწულმა სალნამ ბენ ჰამად ალ ხალიფამ სამხედროებს უბრძანა, დაეტოვებინათ საცხოვრებელი კვარტლები და ყველას შიიტურ სათვისტომოსთან მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდა.
კვირას მთავრობამ ნაციონალური დიალოგის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. თუმცა შიიტური პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერმა აბდუმ ჯალიდ ხალილმა განაცხადა, რომ არავითარი პირდაპირი მოლაპარაკებები ჯერჯერობით ხელისუფლებასთან არ მიმდინარეობს.
მისი თქმით, ოპოზიციას ჯერ ჯერობით არ შეუმუშავებია პირობები, რომლებითაც იგი მზად იქნება ხელისუფლებასთან დიალოგში შევიდეს.
22 თებერვალს მარგალიტის მოედანზე მორიგი აქცია იგეგმება. ოპოზიცია ქუჩაში 100 ათასი ადამიანის გამოსვლას ელის. ბაჰრეინში მღელვარებები ტუნისში, ეგვიპტეში, იემენსა და ლიბანში მიმდინარე მღელვარების ფონზე მიმდინარეობს.