უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში სამხედრო დანიშნულების რამდენიმე ობიექტზე მიიტანეს იერიში, მათ შორის სამხედრო საწარმოზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, საწვავ-საპოხი მასალების საწყობზე, სატრანსპორტო გემებსა და კასპიის ზღვაში მყოფ რუსულ სამხედრო ხომალდზე.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის თავდასხმების საპასუხოდ აგრძელებს შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებას.
„უკრაინა რუსეთის დარტყმებზე საპაპუხოდ აგრძელებს შორ მანძილზე მოქმედი "სანქციების" გამოყენებას. გასულ ღამეს ჩვენი თავდაცვის ძალების მებრძოლებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში იმ ობიექტებს დაარტყეს, რომლებიც ამ ომს ემსახურება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
კერძოდ, ზელენსკიმ დაადასტურა მორიგი დარტყმა კიროვში მდებარე საწარმოზე, რომელიც რუსული შეიარაღებისთვის კომპონენტებს აწარმოებს. ეს ობიექტი უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 1 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
„ასევე დარტყმა მივაყენეთ ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ეკატერინბურგის ლოჯისტიკურ ობიექტს და დონის როსტოვში საწვავ-საპოხი მასალების საწყობს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ძალიან კარგი შედეგები“ იქნა მიღწეული კასპიის ზღვის აკვატორიაში განხორციელებული შორ მანძილზე დარტყმების შედეგად.
„კერძოდ, განადგურდა გემები, რომლებიც ირანიდან სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობდნენ, ასევე რუსული სამხედრო ხომალდი,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნა, რომ დარტყმის შედეგად დაზიანდა სარაკეტო კატარღა, ორი სატვირთო გემი, რადიოლოკაციური სადგური (РЛС) და ნავთობის მომპოვებელი პლატფორმა.
კერძოდ, როსტოვ-დონში დარტყმები განხორციელდა შემდეგ ობიექტებზე:
С-400 „ტრიუმფის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შემადგენლობაში შემავალ მრავალფუნქციურ რადიოლოკაციურ სადგურზე;
„ტორ-М2“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსსა და „პოლე-21“ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემაზე;
დრონების ორ საწყობზე.
კასპიის ზღვის აკვატორიაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უპილოტო საფრენმა აპარატებმა დააზიანეს:
ფილანოვსკოეს საბადოს ნავთობის მომპოვებელი პლატფორმა;
სატვირთო გემი Port Olya 2 და მშრალი ტვირთის გადამზიდავი Begey, რომლებიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებიან და ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო ტვირთების გადასაზიდად გამოიყენებოდა;
12418-ე პროექტის „მოლნია“ ტიპის სარაკეტო კატარღა.