იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით, 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს, რომელსაც ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, იუმორისტმა ონისე ოქრიაშვილმა ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა. ცალკეულმა ჯგუფებმა ის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს . ამ თემაზე სამთავრობო მედიამ სიუჟეტებიც მოამზადა. ამას ვიდეომიმართვით თავად ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას „აშავებენ“, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ეზიზღება.“სულ რომ ბოლო ადგილზე იყო ტექსტის და მოსმენილის გააზრების რეიტინგში, აქ ხომ სავსებით ნათელია, რომ [ნოდარ დუმბაძის მიმართ] გინება კი არ არის, ჰიპოთეზურად ვლაპარაკობთ, ვინ შეიძლება ეზიზღებოდეს ამ ადამიანს და ყველაზე აბსურდული [ვარიანტი] რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს”, - განაცხადა ონისე ოქრიაშვილმა.
ფოტო: "ტვ პირველი"