საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ორშაბათს სირიაში ჩავიდა. ამის შესახებ Reuters სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება. ეს არის დამასკოში ევროკავშირის წევრი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც 2024 წელს პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით მოქმედმა ამბოხებულებმა ბაშარ ალ-ასადი დაამხეს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვიზიტი ხაზს უსვამს სირიის გეოპოლიტიკურ გარდაქმნას ალ-შარაას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ყოფილი „ალ-ქაიდას“ მეთაური დასავლეთისა და ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებთან ამყარებს მჭიდრო ურთიერთობებს, რომლებიც ასადის მმართველობის პერიოდში დამასკოსთან თანამშრომლობას თავს არიდებდნენ, და ცდილობს 13-წლიანი ომით განადგურებული ქვეყნის აღდგენას.
„მე აქ ვარ, რათა დავადასტურო საფრანგეთის ერთგულება სირიელი ხალხის მიმართ, აქ ვარ სუვერენული სირიისთვის, რომელიც ერთიანია თავისი მრავალფეროვნებით და მშვიდობიანია მეზობლებთან. ერთად გავხსნათ სტაბილურობისა და მშვიდობის ახალი ფურცელი,“ - დაწერა ემანუელ მაკრონმა X-ზე ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.
ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სირიის აღდგენა იქნება. მაკრონს ერთად იმყოფებიან ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის ფრანგული ენერგოკომპანია TotalEnergies-ის და კონტეინერული გადამზიდავი კომპანია CMA CGM-ის აღმასრულებელი დირექტორები.