პარტია "დროას" თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმის, რევმატოლოგ მაკა იოსელიანისა და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ანი ქავთარაძის შეხვედრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორთან, გიორგი პატარიძესთან შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ანი ქავთარაძემ განაცხადა, რომ ორშაბათს, 29 ივნისს, მაკა იოსელიანი საპატიმროში მოინახულებს ელენე ხოშტარიას, რის შემდეგაც პენიტენციურ სამსახურში კიდევ ერთი, გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.
"შეხვედრაზე იყო ძალიან დეტალური განხილვა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან, ძალიან დეტალური, მრავლისმომცველი, სადაც ჩვენ მას წარვიდგინეთ არაერთი არგუმენტი და ჩვენთვის ობიექტური მოცემულობა, მათ შორის, ელენეს წარსული ისტორია, ანამნეზი, 2024 წლის მისი თურქეთში ჰოსპიტალიზაციის პერიოდი, გავიარეთ ეს თითოეული დეტალი და საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ ორშაბათს დილით, ქალბატონი მაკა კვლავ მოინახულებს ელენეს ციხეში და შემდგომ, 14:00 საათზე, აქვე [პენიტენციურ სამსახურში] შედგება უფრო გაფართოებული შეხვედრა, მათი მხრიდან წარმომადგენლები იქნებიან, სადაც ჩვენ მოვიტანთ დოკუმენტაციას აუცილებლად.
მე იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაზე ჩამოყალიბდება აზრი, ამ შენობაში, მის ადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით". - განაცხადა ქავთარაძემ.