საფრანგეთის ქალაქ შამპინი-სიურ-მარნში ერთ-ერთი სახლის ჩხრეკის დროს სამართალდამცავებმა ნარკოტიკებსა და ძვირადღირებულ ნივთებს შორის ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს ორიგინალი ნახატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien წერს.
აღინიშნება, რომ ვალ-დე-მარნის დეპარტამენტის სასამართლო პოლიციის გამომძიებლებმა, პოლიციის პრეფექტურის ძებნისა და ოპერატიული რეაგირების ბრიგადის თანამშრომლებთან ერთად, 15 ივნისს ჩხრეკა ჩაატარეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. მათთვის მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ სახლში ინახებოდა პიკასოს ნახატი, რომელიც მანამდე პარიზის ერთ-ერთი საცავიდან იყო მოპარული.
გარდა ამისა, ჩხრეკისას სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს დაახლოებით 20 კილოგრამი კანაფის ფისი, დიზაინერული ტანსაცმელი, რომლის საერთო ღირებულება რამდენიმე ასეულ ათას ევროს შეადგენდა, და ნაღდი ფული.
პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით, ამ საქმესთან დაკავშირებით, საქმის დაუყოვნებლივი განხილვის მიზნით ოთხი პირი სასამართლოში გადაიყვანეს.
წყაროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილთაგან ერთ-ერთი ძვირფასი ნივთების საცავში მუშაობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ იქიდან იპარავდა ის რამდენიმე კვირის განმავლობაში ტანსაცმელსა და სხვა ნივთებს, მათ შორის მოიპარა პაბლო პიკასოს ნახატიც.
გამოცემა The Times-ის ცნობით, ნახატი მხატვრის მუზის, ფრანგი მოდელის მარი-ტერეზ ვალტერის პორტრეტების სერიას წარმოადგენს, რომელიც პიკასომ 1937 წელს შექმნა.
ნახატის ღირებულება, შეფასებების მიხედვით, 12-დან 15 მილიონ ევრომდე მერყეობს.