საშუალო ხელფასის 2400 ლარად წარმოჩენა და ამ რიცხვით ტრაბახი პირდაპირ არის რიცხვებით მანიპულირება და სტატისტიკური ტყუილი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას 1330 ლარი აქვს ხელფასი საშუალოდ და ისინი ყოველდღიურად იბრძვიან გაორმაგებული კომუნალური გადასახადების, გაჭირვებისა და სიდუხჭირის წინააღმდეგ.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2400 ლარამდე დაითვალეს, თუმცა, ცხადია, ეს რიცხვები რეალობას არ ასახავს. რეალობის საუკეთესო ინდიკატორი და აპრობირებული მეთოდი მთელს ცივილიზებულ სამყაროში არის მედიანური ხელფასის დათვლა. მედიანური ხელფასი კი თითქმის 2-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე საშუალო ხელფასი და 1330 ლარს შეადგენს. საშუალო ხელფასის რიცხვები გაზრდილია მაღალანაზღაურებადი სექტორის, მაღალი ხელფასებით ისეთით, როგორც არის IT სფერო, საფინანსო და სადაზღვევო სექტორები. ამავდროულად, როდესაც მაღალია ანაზღაურება IT სექტორში, ძალიან დაბალია ხელფასი დღემდე სკოლის პედაგოგებისთვის, ბაგა-ბაღის აღმზრდელებისთვის, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის. იმ ადამიანებისთვის, ვინც მუხლჩაუხრელად შრომობს ჩვენი ყოველდღიური სიკეთისა და ჩვენი შვილების მომავლისთვის
„ლელო“ შემოდის ინიციატივით და აუცილებლად განახორციელებს ამ ინიციატივას ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს, რომ 40 ათას ლარიანი ზღვარი ოჯახისთვის აიწიოს მინიმუმ 100 ათას ლარამდე და მხოლოდ ისეთ მოქალაქეებს დაეთვალოთ ქონების გადასახადი, ვისაც 100 ათასი ლარი ან მეტი აქვს შემოსავალი. ამას არ გააკეთებს „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ არ ზრუნავს ხალხის კეთილდღეობაზე. ის ზრუნავს საკუთარი ჯიბის გასქელებაზე და ჩვენი ქვეყნის მტრების ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ვგულისხმობ რუსებს“, - განაცხადა დათუნაშვილმა.