ნუთუ უკრაინა არ არის ჩვენთვის ერთსულოვანი მართმადიდებელი ეკლესია? ნუთუ არ უნდა გამოვუჩინოთ უკრაინის ეკლესიას თანაგრძნობა, როცა იბომბება კიევის ლავრა? ნუთუ უნდა სდუმდეს ჩვენი საპატრიარქო? - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ერთი რამ არ მესმის, ჩვენ ერთსულოვნებას მხოლოდ რუსეთთან წარმოგვიდგენია?
თუ როგორ არის ეს: ნუთუ უკრაინა არ არის ჩვენთვის ერთსულოვანი მართმადიდებელი ეკლესია? და თუ არის, მაშ როგორ გვესმის ღვთის კანონი ? ნუთუ არ უნდა გამოვუჩინოთ უკრაინის ეკლესიას თანადგომა, სოლიდარობა, თანაგრძნობა როცა იბომბება კიევის ლავრა? ნუთუ უნდა სდუმდეს ჩვენი საპატრიარქო?
ნუთუ ესაა ჩვენი 1700 წლიანი ქრისტიანობა? ერთსულოვნება? ან თუნდაც ადამიანობა?" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, 15 ივნისს, რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა, რომელიც უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი გაუჩნდა მიძინების ტაძრის სახურავს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ 15 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ სიწმინდეზე, კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით „პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში“.