ელენეს ტყუილად დაჭერისთვის და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვერ გადამირჩები! -ასე მიმართავს პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს.
ირინა გუნცაძე სოციალურ ქსელში მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას ეხმიანება.
„როგორც არასოდეს, ისე მინდა მისწვდეს ჩემი ხმა ბიძინა ივანიშვილს! ელენეს ტყუილად დაჭერისთვის და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!“ - წერს ირინა გუნცაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
ადვოკატის ცნობით, ელენე ხოშტარიას აქვს "სახსრების ძლიერი ტკივილი; მოძრაობის გაძნელება; პერიოდულად, სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი".
"თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება. თურქი ექიმების მიერ გამოგზავნილი შეფასებები და რეკომენდაციები, დაახლოებით 2 თვის წინ, მიღებისთანავე, გადაეცა მე-5 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს", - განაცხადა ადვოკატმა.