ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავემ მოისმინოს უმაღლესი სასჯელი, - ასე ეხმიანება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიას მიერ გამოცხადებულ გამამტყუნებელ განაჩენს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა.
ეკა კუპატაძე მიმართავს იმ ახალგაზრდებსაც, ვისაც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ჯერ ბრალი წარდგენილი არ აქვთ და რომელთა მიმართაც სამართლებრივი დევნის დაწყებასაც მოითხოვს: "მივმართავ გარეთ დარჩენილებს: თქვენ რომ ბიჭი მოკალით, დავმარხე და გგონიათ სახლში თბილ ლოგინს მივაშურე? არა! სახლში თქვენთვის დავბრუნდი!"
"ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავემ მოისმინოს უმაღლესი სასჯელი. მივმართავ იმათ, რომლებიც გარეთ არიან დარჩენილები: თქვენ რომ ბიჭი მოკალით, მე ის ბიჭი წავიღე და პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მიწაში დავმარხე. თქვენ გგონიათ, რომ ჩემი ზრუნვაში გაზრდილი შვილი ცივ მიწაში რომ ჩავფინე, სახლში თბილ ლოგინს მივაშურე? არა! მე სახლში თქვენთვის დავბრუნდი მკვლელებო და ყველა ასე მოისმენთ უმაღლეს სასჯელს, როგორც დღეს მოისმინა ორმა დამნაშავემ.
მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ ახსენა, რომ გიგა ავალიანი იყო სრულად უდანაშაულო. ახალგაზრდა მოსამართლემ უშიშრად, სამართლიანი სიტყვით, ღირსეულად დაიცვა, ღირსეული ახალგაზრდის, გიგა ავალიანის ღირსება. მან არა მარტო ჩემი შვილის ღირსება, არამედ საქართველოს მომავალიც დაიხსნა. მე ვიცი საქმის მასალებით ვინ არიან ესენი“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებულ ანი ნასყიდაშვილს 5,3 წლით, ხოლო მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი არასრწულწლოვნებს მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ.
ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით ჩიქოვანს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, 9.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ანი ნასყიდაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, მასაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი 1/4-ით შემცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 5.3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.