მნიშვნელოვანია, რომ აშშ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციის მონაწილეობასა და წარმომადგენლობაზე, გზავნილი ნათელია, ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს ძლიერ ოპოზიციას და მის მონაწილეობას პოლიტიკურ ინსტიტუტებში, „ძლიერი საქართველო – ლელო“ სწორედ ამ პოზიციას იცავდა თავიდანვე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გეგელიას თქმით, საქართველოში ვიზიტით მყოფი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადება ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარს არ ამბობს.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარს არ ამბობს და ჩვენი ქვეყანა კვლავ რჩება აშშ-ის ინტერესის მნიშვნელოვან სფეროდ. მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან ურთიერთობის ახალი ეტაპისთვის, თუმცა ამავე დროს მკაფიოდ მიუთითებს, რომ ურთიერთობის სრულფასოვანი აღდგენა კონკრეტულ ნაბიჯებს საჭიროებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ მიერ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანებისა, საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა კვლავ ღიაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აშშ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციის მონაწილეობასა და წარმომადგენლობაზე. გზავნილი ნათელია – ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს ძლიერ ოპოზიციას და მის მონაწილეობას პოლიტიკურ ინსტიტუტებში. „ძლიერი საქართველო – ლელო“ სწორედ ამ პოზიციას იცავდა თავიდანვე: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი მოითხოვს ბრძოლას ყველა დემოკრატიულ ფრონტზე, მათ შორის. პირველ რიგში. არჩევნების გზით“, – განაცხადა გეგელიამ.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ დღეს გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადება, რომლებიც საქართველოში ვიზიტისას ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი: „დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს“.