ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ ევროკავშირში იზრდება კონსენსუსი იმის შესახებ, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არ უნდა გაიმიჯნონ.
ამის შესახებ მან „უკრინფორმთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სრული გაფართოება მაშინ მოხდება, როდესაც უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები გახდებიან.
„ახლა სულ უფრო მეტ კონსენსუსს ვხედავ იმასთან დაკავშირებით, რომ წინ ერთად უნდა ვიაროთ. იმ ორი წლის განმავლობაში, როცა ვიქტორ ორბანი პროცესს ბლოკავდა, ჩვენ ვმუშაობდით იმაზე, რომ ეს ორი ქვეყანა არ დაგვეშორებინა, რადგან ეს მახეა“, - განაცხადა ცაჰკნამ.
მან ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის გაწევრიანების პროცესში არსებულ განსხვავებებს. კერძოდ, იმას, რომ მოლდოვა და უკრაინა სხვადასხვა მასშტაბის სახელმწიფოებია, ამასთან უკრაინა აქტიური ომის პირობებში იმყოფება.
„მაგრამ მოდი, გულწრფელები ვიყოთ: გაფართოების ეს ახალი ტალღა სწორედ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო დაიწყო. რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ჩართვაც გვჭირდება. თუმცა საბოლოოდ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა ცაჰკნამ.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ ესტონეთი მოითხოვს, რომ ივნისში ევროპის კავშირის საბჭოზე პოლიტიკური დეკლარაცია მიიღონ ან მკაფიოდ გამოცხადდეს, რომელ წელს იქნება ევროპა რეალურად და პოლიტიკურად მზად გაფართოებისთვის.