პოლიციამ „ოპოზიციურ ალიანსს“ სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციის რუსთაველის გამზირზე შეტანის უფლება არ მისცა.
“ოპოზიციური ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს, გოგა მემანიშვილს მიმართა, რომ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სრულად დასრულდებოდა და მოქალაქეები რუსთაველის გამზირს დატოვებდნენ, ოპოზიცია პარლამენტის წინ სცენისთვის საჭირო კონსტრუქციებს განათავსებდა.
გოგა მემანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "ოპოზიციის ალიანსს" მეორე განცხადებაზე პასუხი არ მიუღია და რატომ გადაწყვიტეს, რომ სცენის დადგმის უფლება ჰქონდათ, ვერ ხვდება.
მისივე თქმით, დამატებით შეტანილ განცხადებასთან დაკავშრებით გაერკვევა და აქციის ორგანიზატორებს გააგებინეს შეძლებენ თუ არა ისინი ტექნიკის შეტანას და სცენის დადგმას.
რა განცხადებითაც მოგვმართეს, აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი გაეცათ. [მეორე განცხადებაზე] პასუხი არ მიუღიათ და რატომ გადაწყვიტეს, რომ ვაძლევთ უფლებას ვერ ვხვდები. დამატებით შეიტანეს, როგორც მითხრა, განცხადება და მაგასთან დაკავშირებით არ ვარ საქმის კურსში, გავერკვევით და გეტყვით.
ჩვენ ვიღებთ [გადაწყვეტილებას] ადგილზე. რომელიმე აქციის მონაწილეს, ან ორგანიზატორს გავესაუბრებით," - თქვა გოგა მემანიშვილმა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ისინი ხალხისთვის ხელის შეშლას არ აპირებენ, შესაბამისად, როდესაც რუსთაველის გამზირი დაცარიელდება, ისინი ძალიან სწრაფად დაამონტაჟებენ სცენას.
ჩვენ ველოდებით იმას, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერ-ჯერობით ხალხისთვის ხელის შეშლას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ. როცა აქაურობა დაიცლება, სცენის მონტაჟი მოხდება ძალიან სწრაფად. უარი არ მიგვიღია და პირდაპირ მოვალთ ტექნიკით. ნამდვილად არ იქნება დაპირისპირება ხალხის ინტერესებსა და ჩვენს ინტერესებს შორის, პირიქით, "ქართული ოცნება" აკეთებს ამას მუდმივად. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ძალიან მალე მოვახდენთ მონტაჟს ტექნიკის," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.