"საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ არსებული ვითარებით", - განაცხადა Armenpress-ის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს.
მისივე თქმით, სომხეთის კავშირები საქართველოსთან დამოუკიდებელია მესამე მხარის ურთიერთობებისგან და დარჩება "სტრატეგიული და ძმური".
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში.
"საქართველოსთან დაკავშირებით, მე ნათლად განვაცხადე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ არსებული ვითარებით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს სიტუაცია უნდა მოგვარდეს", - თქვა ფაშინიანმა. ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის ურთიერთობები საქართველოსთან არ არის განპირობებული სხვა ქვეყნებთან ან კავშირებთან კავშირებით.
"სომხეთის ურთიერთობები საქართველოსთან არ არის დაკავშირებული არცერთ მესამე მხარესთან ურთიერთობასთან. ბუნებრივია, ეს ურთიერთობები სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული, ძმურია და ასეც დარჩება. სხვა სცენარი უბრალოდ არ შეიძლება იყოს", - თქვა ფაშინიანმა.