საქართველოში არავინ არის გასამართლებული საკუთარ პროცესზე სიტყვის წარმოთქმისთვის, ეს საქმე პირველი იქნება, დასამხობია ივანიშვილის ხელისუფლება და გასასამართლებელია ყველა, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
"საქართველოში არავინ არის გასამართლებული საკუთარ პროცესზე სიტყვის წარმოთქმისთვის, ეს საქმე პირველი იქნება, დასამხობია ივანიშვილის ხელისუფლება და გასასამართლებელია ყველა, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება.
აბსურდულობა მთელი ამ პროცესის მდგომარეობს იმაში, რომ პროკურორს მოჰყავს მოწმეები. არადა, მე ვიმეორებ ამ სიტყვებს – ივანიშვილის ხელისუფლება არის დასამხობი. სხვა გამოსავალი ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს. არა მხოლოდ დასამხობია, არამედ დასამხობია ნებისმიერი ფორმით და ასეც იქნება.
მას შემდეგ გასასამართლებელია ივანიშვილიდან დაწყებული მთელი სახელმწიფო აპარატი, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება...
ჩვენ ვცხოვრობთ ჩვეულებრივ დიქტატურაში. როგორ შეიძლება გვყავდეს ოკუპანტი დიქტატორი და ამავდროულად გვყავდეს პოლიტიკური ოპოზიცია, რომლის იმედი შეიძლება გქონდეს, რომ ის მას არჩევნებში შეცვლის.
ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს, ივანიშვილის, კობახიძის, ყველა უნდა დაემხოს. ეს არის ერთადერთი გზა. ადამიანებს აშინებთ ხოლმე ეს ფრაზეოლოგია, მაგრამ სინამდვილეში ამაში არაფერი საშიში არ არის. ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა, როცა დიქტატურა ასე აწვება საზოგადოებას, საზოგადოების ერთადერთი რეაქცია არის, საბოლოო ჯამში, როცა იქნება, როგორც იქნება, ამ რეჟიმის დამხობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დამხობაში უნდა მიიღოს მთელმა საქართველომ მონაწილეობა.
არანაირი სასამართლოს რეფორმა არ მოხდება, როცა ამათ დავამხობთ. ესენი უნდა გასამართლდნენ იმ სასამართლოთი, რომელიც იარსებებს. თქვენ მოგიწევთ დიდი ალბათობით ამ ქოცების გასამართლება, აი, ამ მოქმედი მოსამართლეების გასამართლება.
თქვენ მე ციხეში მიჭერთ, ქალბატონო [მოსამართლე ლელა კალიჩენკო], თქვენ წაღებული გაქვთ ჩემი 9 წელი. ეს რომ დაიბადა [შვილი], იყო 6 თვის, რომ გამოვედი — 10 წლის. ახლა ისევ 9-ს პლუს 3 გინდათ ციხეში ჩამსვათ?.. მე აქ მასამართლებენ სიტყვებისთვის!“, – თქვა ახალაიამ.