მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია. ინფორმაცია მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. საპატრიარქოსთან სამართალდამცველები მუშაობენ.
საქართველოს საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა დღეს შევარდა. შენგრეულია საპატრიარქოს ჭიშკარი, მოგლეჯილია შლაგბაუმი. ავტომობილმა ეზოში შევარდნის შემდეგ ადგილზე გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილის მძღოლი საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა.