ვგმობ ძალადობას, ნებისმიერი ტიპის ძალადობა მიმაჩნია ძალიან მიუღებლად, ბოლო პერიოდში ხელისუფლება ახორციელებს კიდეც ამ ფაქტების გამოძიებას და გარკვეული ქმედებებიც იყო, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა სამებაში, ოჯახის სიწმინდის დღეზე განაცხადა.
„მე იმის გარდა, რომ ვწუხვარ ძალადობასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვიტყვი. ეს ყველაფერი უნდა განსაჯოს შესაბამისმა უწყებებმა. ამ ყველაფერს უნდა მოეკიდონ ყურადღებით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. მე არ ვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოძიებაზე რამე ვიცოდე. ბოლოს როცა ვისაუბრე ძალადობასთან დაკავშირებით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ათასი სხვადასხვა აზრი იყო, კონსპირაციული თეორიებიც იყო, თითქოს რადგან ძალადობაზე ვისაუბრე, ეს იყო სტრატეგიული ნაბიჯი, პოლიტიკაში მოსვლის სვლა თუ ა.შ. ეს ყველაფერი მართლა არასერიოზულია. მე ზუსტად ერთი წლის წინაც იგივე აზრი დავაფიქსირე. ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო თანმიმდევრული. ნებისმიერი ტიპის ძალადობა მაქსიმალურად უნდა იყო არიდებული. აუცილებელია ქვეყანაში წესრიგის დაცვა“, – განაცხადა ივანიშვილმა. კითხვაზე, ხომ არ აპირებს პოლიტიკაში რაიმე სახით ჩართვას, ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა: „არა, არანაირად“.