გვჯერა, ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო, - ამის შესახებ დეკანოზ შალვა კეკელიამ გაფართოებული საეკლესიო კრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"მთელ ქვეყანას ვულოცავ ახალი პატრიარქის არჩევას. იცით, რომ ილია მეორემ უდიდესი ღვაწლი გაიღო, მან დაგვიტოვა ეს ეკლესია, რაც დღეს არის. დღეს, როდესაც ვისხედით გაფართოებულ კრებაზე, ვფიქრობდით, პატრიარქს რა ეკლესია დახვდა და დღეს რამდენი ეკლესიაა, ტაძარი, მონასტერი... გვჯერა, ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო. ბედნიერები ვართ, ეკლესია არის მყარი და ერთიანი, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა ვერასდროს. ყველა დატკბით ეკლესიის სიხარულით და ბედნიერებით“,- განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.
საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.