2011 წლის 17 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ მორიგი დავა ფიზიკური პირების სასარგებლოდ გადაწყვიტა.
Dროგორც "ჯი-ეიჩ-ენს" უზანაესი სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, მოდავე მხარეებს იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენდა. დავის საგანი კი რამდენიმე თვის მანძილზე აუღებელი შემწეობა გახლდათ.
მოსარჩელეები გივი და დარიკო თედელურები 2008 წლის 6 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს წარმოადგენენ, რომლებიც 2008 წლის დეკემბერში ჩასახლდნენ მცხეთის რაიონის, სოფელ წეროვანში და ამავე წლის 19 დეკემბერს, კანონით დადგენილი წესით ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დარეგისტრირდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში.
,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებაში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2009 წლის 1 იანვრიდან მთელი წლის მანძილზე, საარსებო შემწეობის მიღების უფლება გავრცელდა 2008 წლის 6 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებზე. მოსარჩელეემა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებით გათვალისწინებული საარსებო შემწეობა 2009 წლის იანვრის ნაცვლად, 2009 წლის ივნისიდან მიიღეს. ამდენად, ისინი 5 თვის მიუღებელ საარსებო შემწეობას ითხოვდნენ.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ საარსებო შემწეობის დანიშვნისათვის აუცილებელი პირობა იყო გივი და დარიკო თედელურების მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნაზე წერილობითი თანხმობა, აღნიშნული თანხმობა კი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მხოლოდ 2009 წლის მაისის თვეში გადაუგზვანა სოციალური მომსახურების სააგენტოს, შესაბამისად ამ თარიღიდან მოხდა შემწეობის გაცემა.
საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ დარიკო და გივი თედელურების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ფიზიკური პირების სასარგებლოდ გადაწყვიტა დავა და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ პირებს საარსებო შემწეობა მიეცემოდათ 2009 წლის 1 იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში, თუ ისინი ამ შემწეობის მიღებაზე უარს არ განაცხადებდნენ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეცედენეტის ძალა აქვს და იგი ანალოგიური დავის შემთხვევაში შესაძლოა სხვა ლტოლვილებზეც გავრცელდეს.
B2010 წლის მანძილზე უზენაესმა სასამართლომ 656 საქმე ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ დაასრულა. სულ სასამართლომ 2010 წელს ადმინისტრაციული კატეგორიის დავებზე 1441 საკასაციო საჩივარი განიხილა.