უკრაინამ ოფიციალურად მიმართა ისრაელს დიპლომატიური და სამართლებრივი არხებით და გემ PANORMITIS-თან დაკავშირებით ზომების მიღება მოითხოვა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული გემი ეჭვმიტანილია მარცვლეულის ტვირთის გადატანაში, რომელიც უკანონოდ იქნა გატანილი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დახურული პორტიდან, საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით.
„ეს არ არის ტვიტერული დიპლომატია, არამედ სრულიად კონკრეტული სამართლებრივი და დიპლომატიური მოთხოვნა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების შესახებ, რომელსაც პასუხი სჭირდება. ჩვენ ველით, რომ ისრაელის მხარე ამას სერიოზულად მიუდგება და არ უპასუხებს ემოციური განცხადებებით“, - აღნიშნა ანდრიი სიბიჰამ.
ვნობისათვის, მიმდინარე კვირაში ისრაელის ელჩს უკრაინაში მიხაელ ბროდსკის გადაეცა საპროტესტო ნოტა იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელში კვლავ ხორციელდება მარცვლეულის მიწოდება, რომელიც, უკრაინის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ გაიტანა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ისრაელს, არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც დაასუსტებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. მისი თქმით, რუსეთისგან მოპარული უკრაინული მარცვლეულის შეძენა სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.