ნაცვლად იმისა, რომ თქვენი სამარცხვინო სიტყვები უკან წაგეღოთ, ნაცვლად იმისა, რომ გეღიარებინათ თქვენი გულგრილობა, მოხვედით და თქვენივე სამარცხვინო განცხადების დაცვა გადაწყვიტეთ, - ამ სიტყვებით მიმართა გახარიას გუნდის წევრმა ქეთევენ ბაკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის დღეს პარლამენტში.
"დღეს აქ ბევრი დემაგოგია და პროპაგანტისტული მესიჯბოქსი მოვისმინეთ თქვენგან. ძალიან ცდილობდით, კომპეტენტურად წარმოდგენილიყავით, მაგრამ კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ სამედიცინო სფეროსთან საერთო არაფერი გაქვთ;
ნაცვლად იმისა, რომ თქვენი სამარცხვინო სიტყვები უკან წაგეღოთ, ნაცვლად იმისა, რომ გეღიარებინათ თქვენი გულგრილობა, უკან დაგეხიათ და ერთხელ მაინც შეხვედროდით გამწარებულ მშობლებს, მოხვედით და თქვენივე სამარცხვინო განცხადების დაცვა გადაწყვიტეთ. ვის წინააღმდეგ იბრძვით? ვის ეჯიბრებით? დაავადებულ ბავშვებს, რომლებიც წამალს ითხოვენ, რომლებიც სიცოცხლეს ითხოვენ? რომლებიც არჩევანის გაკეთებას გთხოვენ სიცოცხლესა და პირად აუხსნელ დაუოკებელ ამბიციებს შორის?
თქვენ მუდმივად აპელირებთ ფარმაცევტული კომპანიების მარკეტინგულ ინტერესებზე და ამ საკითხს ისე წარმოაჩენთ, როგორც სენსაციურ მიგნებას. ასეთი პოზიციონირება არაკომპეტენტურობის მიღმა, ასევე წარმოაჩენს თქვენსავე პრიორიტეტებს, რომ ბავშვების სიცოცხლეზე მეტად მნიშვნელოვნად რომელიღაც კომპანიის მარკეტინგული ინტერესები გესახებათ.
რომ არა კლინიკური კვლევები, ექსპერიმენტები, რისკი და პროფესიული გამბედაობა, მედიცინა ვერ მიაღწევდა იმ პროგრესს, რომელიც დღეს გვაქვს. დიახ, პროფესიული გამბედაობა, რომელიც თქვენი გუნდის სხვა წევრების მსგავსად, არც თქვენ აღმოგაჩნდათ.
ამ ბავშვებს არ სჭირდებათ დემაგოგიითა და თავის მართლების მცდელობებით გაჯერებული განცხადებები, წამლის რისკებსა და ეფექტურობაზე ინტერპრეტირებული ვერსიები, მათ თქვენზე მეტი ინფორმაცია მოიძიეს, თქვენზე მეტი რამ შეისწავლეს და დღეს თქვენზე ბევრად უკეთ იციან რასთან აქვთ საქმე, ბავშვებს სჭირდებათ წამლები!
არავის აქვს ილუზია, რომ აქ აბსოლუტურ განკურნებაზეა საუბარი. მეტიც, არ არსებობს არცერთი მედიკამენტი, რომელიც გამოჯანმრთელების 100 პროცენტიან გარანტიას იძლეოდეს.
და ეს მშობლების პოზიციაა.
ვინაიდან მათ შვილებს სხვა გამოსავალი და დრო არ აქვთ-ყოველი დღე ბავშვებისთვის კრიტიკულია.
ნუ ართმევთ მათ შესაძლებლობას იბრძოლონ, ნუ აყურებინებთ მშობლებს, როგორ იტანჯებიან საკუთარი შვილები. იტყუებით, როცა საზოგადოებრივ ემპათიას პოლიტიკურ მანიპულაციად წარმოაჩენთ და იტყუებით, როცა ექიმების პოზიციებს შერჩევით ციტირებთ , განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სწორედ ეს ექიმები უწევდნენ მშობლებს კონსულტაციას და აწვდიდნენ ინფორმაციას შესაბამისი მედიკამენტების შესახებ. მოუსმინეთ იმ ექიმებს, რომლებიც ბავშვებისა და მშობლების მხარეს იბრძვიან. მოუსმინეთ ბავშვებს, რომლებიც ითხოვენ გადარჩენას. ძალიან შორს ხართ თქვენივე მოქალაქეებისგან, თქვენს კომფორტულად მოწყობილ ოთახებში ვერ აღწევს დედების პროტესტის ხმა. არ გესმით და არც გინდათ მოისმინოთ ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებები. რატომ არის ასეთი მკვეთრი საინფორმაციო ასიმეტრია სამინისტროსა და მშობლებს შორის?
რატომ საუბრობთ თქვენ მხოლოდ 31 პაციენტზე, მაშინ, როდესაც რეალური რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემით, შესაძლოა ასამდე აღწევდეს? რატომ არ არის ეს მონაცემები დაზუსტებული?
რატომ თქვით უარი მულტიდისციპლინური გუნდის შექმნაზე იმ არგუმენტით, რომ ქვეყანაში შესაბამისი რესურსი არ არსებობს, მაშინ როდესაც სხვა დიაგნოზების შემთხვევაში, მაგალითად, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებთან, ასეთი მიდგომა უკვე წარმატებულად და მეტად ეფექტიანად გამოიყენება?
თქვენ პირადად მაძლევდით გარანტიას, რომ ყველა საჭირო სერვისი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია. თუმცა მშობლები საუბრობენ კოლოსალურ ფინანსურ ტვირთზე. ამას ადასტურებს ისიც, რომ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ თავადვე გააფართოვეთ სერვისების ჩამონათვალი და გაზარდეთ ხელმისაწვდომობა, რადგან საზოგადოებრივი რეაქციის შეგეშინდათ.
ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებზე, რომელთათვისაც დრო გადამწყვეტია. ამასთან, შეგახსენებთ, რომ დიუშენის ბავშვები შშმ პირები არიან. მათი უფლებები დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო კონვენციებით, რომლებიც პირდაპირ გაკისრებენ ვალდებულებას თქვენ, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელ პირველ პირს უზრუნველყოთ ამ ბავშვების ფუნდამენტური უფლებების დაცვა!
თუმცა, რომელ ფუნდამენტურ უფლებებზეა საუბარი. მშობლების მოთხოვნას არ ასრულებთ, რომ ღია ეთერში მიბრძანდეთ სადებატოთ, ვინაიდან ოპონირებას ვერ გაუწევთ, და ამიტომ წამოიწყეთ სამთავრობო პროპაგანდისტული არხების საშუალებით დეზინფორმაციის გავრცელება, მთელი პროცესის გაუმართლებელი დისკრედიტაცია, ზუსტად იმ ფორმატით, როგორც ამას თქვენი გუნდის კორუმპირებული პრემიერი ღარიბაშვილი ახორციელებდა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებთან მიმართებაში.
მაშინაც ჯანდაცვის აქცენტები პრეპარატის მაღალ რისკსა და სასიკვდილო გართულებებზე კეთდებოდა,საბოლოოდ წამალი მიიღეს ბავშვებმა და დღეს შესანიშნავ მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად გადიან მკურნალობას გასაოცარი ეფექტებით. მე მათ ჯანმრთელობას ვუსურვებ.
თქვენმა გუნდმა მაშინაც ქარცეცხლში გაატარა მშობლები, რომ სახელმწიფოს წამალი შეესყიდა და დღესაც იგივე ჯოჯოხეთს უწყობთ! მაშინ გაიმარჯვეს ბავშვებმა თქვენს სისტემაზე, გარწმუნებთ, ამჯერადაც ასე იქნება! და გახსოვდეთ, თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის სულ მცირედი გართულებაც კი, თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა და კარიერის დასასრული იქნება!
ნუ გგონიათ, რომ თქვენი საპატიო თავმჯდომარე, ან აქ მყოფი კოლეგები დაგიცავენ. ისე მოგიშორებენ, როგორც ეს ბევრი სხვა მსახურის შემთხვევაში მოხდა!
წამალი ბავშვებს!" - განაცხადა ბაკარაძემ პარლამენტში.