2-3 დეკემბერს სეპარატისტულ აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი ივანოვი და ტრანსპორტის მინისტრი იგორ ლევიტინი ეწვევიან. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, რუს პოლიტიკოსებთან შეხვედრისას მთავარი განსახილველი თემა აფხაზეთის სატრანტპორტო ინფრასტრუქტურის განხილვა იქნება. აფხაზური მხარის ინფორმაციით, მხარეები ასევე აპირებენ იმ საკითხების განხილვას, რომლებიც საჰაერო და სარკინიგზო სფეროებში ინვესტიციების ჩადებას ეხება.
მათი ინფორმაციით, რუსული დელეგაცია ასევე აპირებს ახალი გზის მშენებლობის საკიხის განხილვას, რომელმაც კავკასიის ქედზე უნდა გადაიაროს და სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის ტვირთების გადაადგილება უნდა გაამარტივოს.
ამას გარდა, სეპარატისტთა ლიდერის ბაღაფშის აზრით, აფხაზეთმა უნდა გამოიყენოს შავ ზღვაში არსებული ნავთობის რესურსი.
"ხოლო რაც შეეხება სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენას, იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქი ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ჯერჯერობით არ აღიარებს აფხაზეთის საჰაერო სივრცეს, რეისები პირველ ეტაპზე მხოლოდ რუსეთის ქალაქების მიმართულებით შესრულდება", _ იუწყება აფხაზური მხარე.