უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანა დონბასიდან, რაზეც რუსეთი კვლავაც დაჟინებით მიუთითებს, უკრაინისთვის სტრატეგიულ მარცხს ნიშნავს, ასეთი ნაბიჯი რამდენიმე სერიოზულ რისკს გამოიწვევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ პოზიციებს არა მხოლოდ დონეცკის ოლქში, არამედ ლუჰანსკის ოლქის ნაწილშიც. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ დონბასიდან გასვლის შემთხვევაში უკრაინა დასუსტდება, რადგან რეგიონში უკვე აშენებულია ძლიერი თავდაცვითი ნაგებობები.
„და როცა გეუბნებიან, მაგალითად ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, რომ შეიძლება ახალი ნაგებობების აშენება, კი, შეიძლება. მაგრამ ამას დრო სჭირდება. და რატომ უნდა გავაკეთოთ ეს? ისინი მზად არიან ფული მოგვცენ, მაგრამ რატომ უნდა ავაშენოთ თავიდან? ურბანიზებული ზონა მაინც უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ხაზი, რომელსაც მინდორში ააგებ,“ – თქვა მან.
ამასთან, დონბასის უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იქიდან გასვლა იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი და ასევე მორალურად დაასუსტებს უკრაინის არმიას.
„მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს ნაბიჯი უპასუხისმგებლოა. რა უსაფრთხოების გარანტიებს აძლევენ უკრაინას? მისმინეთ, თუ იქ, შეხების ხაზზე, პარტნიორები არ იქნებიან, რატომ არ უნდა დაიწყოს რუსეთმა გარკვეული დროის შემდეგ ისევ შეტევა? რატომ? უბრალოდ ვერ ვიგებ, რატომ? მიზეზს ვერ ვხედავ. რა შეაკავებს მათ? რა? აშშ ამბობს: მაგალითად პრეზიდენტი ტრამპი. პრეზიდენტი ტრამპი – ორწელიწად-ნახევარი. მერე რა ვქნათ?“ – აღნიშნა ზელენსკიმ.