ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ციხეში გარდაცვლილი ზურაბ ცინცაბაძის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს 15 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. ეს თანხა ქართულმა მხარემ განმცხადებლის - ზურაბ ცინცაბაძის დედას უნდა გადაუხადოს. ევროპის სასამართლოში განმცხადებლის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი (EHRAC) წარადგენდნენ.
სასამართლომ დადგენილად ცნო საქართველოს მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა, რადგან 2005 წელს ზურაბ ცინცაბაძის ციხეში გარდაცვალების ფაქტზე არ ჩატარდა დამოუკიდებელი, ობიექტური და ეფექტური გამოძიება.
ევროპის სასამართლოში აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცინცაბაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო და არაერთი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, დაშვებული იქნა სერიოზული ხარვეზები და უზუსტობები. სწორედ ამის გამო ზურაბ ცინცაბაძის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე ბევრი შეკითხვა პასუხგაუცემელი დარჩა.
ამასთან, არსებითი საგამოძიებო მოქმედებები იმ დეპარტამენტმა ჩაატარა, რომელიც სტრუქტურულად იმავე სამინისტროს ექვემდებარება, რომელსაც თვითონ სასჯელაღსრულების დაწესებულებები, რაც ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობას.
შეგახსენებთ, ზურაბ ცინცაბაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და 2005 წლის 6 ივლისიდან სასჯელს ხონის #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა. 2005 წლის 30 სექტემბერს იგი ციხის საკუჭნაოში ჩამოხრჩობილი იპოვეს. გამოძიების ვერსიით, მან თვითმკვლელობა ჩაიდინა, თუმცა, გარდაცვლილის დედა ამტკიცებდა, რომ იგი ციხეში ე.წ. "ობშიაკის" ვალის გამო მოკლეს.