გერმანული გამოცემა WELT ONLINE ნატოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორ სტატიაში წერია, ნატოს ქვეყნები მსოფლიოს წინაშე ერთობის დემონსტრირებას ცდილობენ, თუმცა დახურულ კარს მიღმა მის წევრებს მუდმივად სერიოზული უთანხმოებები აქვთ.
ფ. იოჰანსენის, თ.სტრანდის და ფ. ჰინრიქსის მიერ მომზადებულ სტატიაში საქართველო-ნატოს შესახებაცაა საუბარი.
ფ. იოჰანსენი, თ.სტრანდი და ფ. ჰინრიქსი იუწყებიან, რუსეთ საქართველოს ომმა გააშიშვლა ის პრობლემები, რომელიც ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში აქვს. მათი მტკიცებით, კრიზისის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ფედერალური კანცლერი გამოდის წინადადებით, რომ საქართველოს დასავლურ სამხედრო ალიანსში მიღება გადაიდოს იმ პირობით, თუ „რამე საშინელება არ მოხდება".
"მერკელი ვარაუდობდა, რომ ამ ფორმით რუსეთზე ზეწოლას შეინარჩუნებდა. თავის მხრივ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ეს ძალიან სახიფათო სტრატეგიაა და მას შეიძლება ომი მოჰყვეს. „ასეთმა მიდგომამ შეიძლება რუსეთს რაღაც საშინელების გაკეთების არაჯანსაღი სტიმული გაუჩინოს", ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დენ ფრიდმა, 2008 წლის ივლისში ნატოს ხელმძღვანელობის წინაშე გამოსვლისას. გამოთქმა „არაჯანსაღი სტიმული" ნიშნავდა ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებული ალიანსის სურვილის საწინააღმდეგოს. ორ კვირაში ომი დაიწყო. საქართველოს კონფლიქტი პიკს აღწევდა, როდესაც ნატოს უმაღლესმა ორგანომ 12 აგვისტოს ზემოთხსენებული კრიზისული სხდომა გამართა. სახელმწიფოთა და მთავრობათა ხელმძღვანელებს დელიკატური საკითხი უნდა განეხილათ, კონკრეტულად კი ის თუ როგორ უნდა ერეაგირა ალიანსს ომზე, რომელსაც მის რიგებში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფო აწარმოებდა. ბევრ ქვეყანას რუსეთის მკაცრად გაკრიტიკება სურდა, მაშინ როდესაც გერმანია „მკვეთრი და დამგმობი ტექსტის" მიღების წინააღმდეგ გამოვიდა. ნატოში ამერიკის საელჩოს დოკუმენტებიდან ჩანს, რომ სხდომის დროს ბევრს კამათობდნენ იმაზე, თუ ნატოს რომელი წევრი ქვეყნები იყვნენ დამნაშავენი ომის გაჩაღებაში. ყურადღების ცენტრში 2008 წლის აპრილში სახელმწიფოს მეთაურთა და მთავრობების მიერ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გახლდათ, რომლითაც საქართველომ და უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე მიწვევა მიიღეს. თუკი შეერთებული შტატები ამ შეთანხმებას აღიქვამდა, როგორც ამ ქვეყნების ალიანსში მიღებაზე მკაფიო სიგნალს საშუალოვადიან პერსპექტივაში, გერმანელებისთვის ის ვალდებულებისგან დაცლილი გამოცდა გახდლათ", - აღნიშნულია სტატიაში, რომლის ქართულ ვარიანტსაც "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
სტატიის მიხედვით, საგრძნობლად საგრძნობლად დაღლილმა გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოფ სხეფერმა განაცხადა, რომ „მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ნატოს საბჭო შეიძლება წარმოჩინდეს როგორც კრება, რომელიც მუდმივ დისკუსიებშია და არ აქვს უნარი საერთო შეხედულება გამომუშაოს".
"მხოლოდ 19 აგვისტოს, ხუთდღიანი ომის დაწყებიდან 11 დღის შემდეგ და კრიზისული სხდომის ჩატარებიდან ერთი კვირის თავზე, ალიანსმა შეძლო პრესისთვის პირველი ერთობლივი განცხადების მიღება", - წერს WELT ONLINE.
სტატიის ავტორების მტკიცებით, ქართული კრიზისი, ერთ-ერთია იმ მრავალ თემას შორის, რომელსაც 2006 წლიდან 2010 წლამდე ნატოს საბჭოს სხდომების 250 საიდუმლო ოქმი ეხება.
"ეს დოკუმენტები ცხადყოფს იმას, თუ როგორ ებრძვის თავდაცვითი ალიანსი მის რიგებში არსებულ განხეთქილებას, რომელიც სინამდვილეში იმაზე ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ამას ნატოს ქვეყნების პოლიტიკოსები აღიარებენ. თავად ალიანსი ბევრ საკითხთან მიმართებაში ძალიან დაქსაქსულია. ქრონიკული პრობლემაა ცივი ომის ეპოქის ყოფილ მეტოქესთან რუსეთთან ურთიერთობა. „არაფერი ისე არ ჰყოფს ნატოს, როგორც რუსეთი", - აცხადებს 2009 წლის ივნისში აშშ-ს ელჩი ნატოში ივო დაალდერი. მან სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, რომელიც ობამასთან ერთად საკუთარი მოვალეობების შესრულებას მხოლოდ იანვარში შეუდგა, „ალიანსის ისტორიაში ყველაზე რთული წლების" სურათი შელამაზების გარეშე დაუხატა, რასაც ნატოს დოკუმენტები მოწმობს", - წერენ იოჰანსენი, სტრანდი და ფ. ჰინრიქსი.