ირანის ხელმძღვანელობამ უარყო აშშ-ის წინადადება ომის დასრულების პოტენციური შეთანხმების შესახებ. ამის შესახებ ირანული მედია Press TV ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, ირანის ხელმძღვანელობა „არ მისცემს ტრამპს პირობების კარნახის უფლებას“.
„ირანი ომს მაშინ დაასრულებს, როდესაც თავად გადაწყვეტს ამის გაკეთებას და როდესაც მისივე პირობები შესრულდება“, - განაცხადა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა.
მან დასძინა, რომ ირანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს თავის დაცვა და განახორციელოს „სერიოზული დარტყმები“ მანამდე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
თანამოსაუბრემ ასევე განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ სხვადასხვა დიპლომატიური არხებით კონტაქტები დაიწყო.
მან „15 პუნქტში“ წამოყენებულ მოთხოვნებს „გადაჭარბებული და ბრძოლის ველზე აშშ-ის წარუმატებლობის რეალობასთან შეუსაბამო“ უწოდა.
Reuters-ი ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ პაკისტანმა ირანს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადება გადასცა.
ამასთან, Reuters-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა შეიმუშავა და თეირანს გაუგზავნა 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.
ასევე Reuters, ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, იუწყება, რომ თეირანის რეაქცია ამერიკულ წინადადებებზე „დადებითი არ იყო“ და რომ პირველადი პასუხი შეერთებულ შტატებს უკვე გადაეცა პაკისტანის მეშვეობით.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს დონალდ ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სამხედრო დარტყმების ხუთდღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა, ხოლო 24 მარტს აღნიშნა, რომ აშშ ირანთან დაკავშირებით „მოლაპარაკებებს აწარმოებს“ და თეირანს „შეთანხმების მიღწევა სურს“.