უიშვიათესი ადამიანი იყო, პირველ რიგში, იყო ადამიანი, ჰქონდა ღრმა გული, ძალიან დიდი კულტურა, თანაგრძნობის, სხვად ყოფნის ნიჭი ჰქონდა, - ამის შესახებ მეუფე ზენონ იარაჯულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
„უიშვიათესი ადამიანი იყო. უპირველეს ყოვლისა, ადამიანი იყო, ძალიან დიდი კულტურა ჰქონდა. თანალმობის, სხვად ყოფნის ნიჭი ჰქონდა, საოცარი პიროვნება იყო. ძალიან ბევრი რამ შემიძლია ვთქვა მის შესახებ. თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად დილით ლოცვას რომ ატარებდა, 06:00 საათზე დგებოდა ხოლმე, ზოგჯერ ჩამეძინებოდა და გამაღვიძებდა: „იმედო, ლოცვა იწყება“ - მეტყოდა ხოლმე. ძალიან ისეთი პიროვნება იყო, მლოცველი და ადამიანი. მისი მოღვაწეობა და ავტორიტეტი საერთაშორისო საეკლესიო წრეებში და ისედაც, ყველასთვის ცნობილია. ყველას ძალიან გული გვტკივა“, - აღნიშნა მეუფე ზენონმა.
მისი თქმით, არ გაჰკვირვებია ის ფაქტი, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს პატივი ძალიან ბევრმა მოქალაქემ მიაგო.
„არც გამკვირვებია, არც მთლად ასე ველოდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ძალიან მიხარია. სიყვარულზე დიდი რა არის. ღმერთი, ვისაც სახელი არ აქვს, მან პირობითად ჩვენთვის სახელი დაირქვა, სიყვარული ვარო და როცა ადამიანებს უყვარხარ, ამაზე დიდი ჯილდო და საჩუქარი არაფერია. მე არ ვარ იმ კატეგორიის, გაფეტიშება და გაკერპება რომ იციან ადამიანის. მე გელაპარაკებით, ის ნამდვილად ადამიანი იყო, დარწმუნებული ვარ, ღმერთი მას გულში ჩაიკრავს. ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი სისუსტე, ნაკლი, ცოდვა, სრულყოფილი არავინაა. ყველას მიუტევოს. ადამიანი რომ გქვია, ე.ი შენ უნდა მიგიტევოს ღმერთმა ადამიანური ცოდვები“,-აღნიშნა მეუფე ზენონმა.