უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ევროკავშირის შეხვედრების მიმდინარეობის შესახებ ცნობებს რეგულარულად აწვდიდა.
ამის შესახებ გამოცემა The Washington Post ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის წყაროს ცნობით, სიიარტო ევროკავშირის შეხვედრების შესვენებების დროს ლავროვს ხშირად ურეკავდა, რათა მისთვის „განხილული საკითხების შესახებ განახლებული ანგარიშებისა“ და შესაძლო გადაწყვეტილებების შესახებ ცნობები მიეწოდებინა.
ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ასეთი ზარების წყალობით, „მრავალი წლის განმავლობაში ევროკავშირის ყველა შეხვედრაზე მოსკოვი ფაქტობრივად მოლაპარაკებების მაგიდასთან იმყოფებოდა“.
სიიარტომ აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სიიარტომ მოსკოვში 16 ოფიციალური ვიზიტი განახორციელა, რომელთაგან ბოლო 2026 წლის 4 მარტს შედგა, როდესაც ის პუტინს შეხვდა.