ევროკავშირის საბჭომ კიევის ოლქში. ბუჩას დასახლებაში რუსული ოკუპაციის დროს ომის დანაშაულებში ბრალდებულ ცხრა პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
ევროკავშირის საბჭოს განცხადების თანახმად, სანქციები დაუწესდა რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ყოფილ მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩაიკოს.
ასევე, ევროკავშირმა სანქციების სიაში დაამატა სხვა რუსი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში უკრაინაში რუსეთის ძალებს მეთაურობდნენ და ბუჩაში მაცხოვრებლების წინააღმდეგ სასტიკი ქმედებები ჩაიდინეს.
„მათი მეთაურობით მოქმედი ჯარისკაცები ასევე მონაწილეობდნენ ძარცვაში, წამებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებაში, რომ დაღუპული რუსი ჯარისკაცების ცხედრები გაეტანათ.
„სიაში შეყვანილი ერთ-ერთი პირი ასევე პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის რეგიონიდან ბავშვის გაშვილებაზე, რომელიც უკანონოდ იქნა დეპორტირებული რუსეთში“, - ნათქვამია განცხადებაში.
შედეგად, ამ ცხრა პირს აქტივები გაუყინეს და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის თანხების მიწოდება. მათ ასევე ეკრძალებათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში შესვლა ან ტრანზიტი.
ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული პირადი სანქციები, რომლებიც დაახლოებით 2600 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება.