აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე კონცენტრირების გამო უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ინტერესს კარგავს. ამის შესახებ Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებისადმი ტრამპის ინტერესის დაკარგვის გამო, პროცესი ჩიხში შევიდა.
უკრაინასთან მოლაპარაკებებში ჩართული ევროკავშირის ოთხი დიპლომატის თქმით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტმა გადაიტანა ყურადღება ვაშინგტონის რუსეთსა და უკრაინას შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებიდან.
ამავდროულად, დიპლომატები ამბობენ, რომ ეს რუსეთისთვის სასარგებლოა ნავთობის ფასების ზრდის, აშშ-ის სანქციების შეჩერებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო ამერიკული იარაღის სწრაფი ამოწურვის გამო.
ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, შეერთებული შტატებისშუამავლობით უკრაინელ და რუს ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებები, „ნამდვილად რისკის ქვეშაა“.
ბოლო სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები ჟენევაში 17-18 თებერვალს გაიმართა. შემდეგი რაუნდი, რომელიც აბუ დაბიში 5 მარტს იყო დაგეგმილი, ირანზე აშშ-ისრაელის დარტყმების გამო გადაიდო და ახალი თარიღი და ადგილი ჯერ არ გამოცხადებულა.
„ახლო აღმოსავლეთმა პოლიტიკური ყურადღება მოულოდნელად გადაიტანა... ეს კატასტროფაა ჩვენთვის და უკრაინისთვის“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს ეცნობათ, რომ ამერიკული იარაღის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების, მიწოდება შეყოვნდება, რადგან ვაშინგტონი პრიორიტეტს ახლო აღმოსავლეთს ანიჭებს, რაც კიევისთვის სერიოზულ შედეგებს იწვევს.
როგორც წყარო აღნიშნავს, ევროკავშირის ლიდერები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება მოსკოვზე დამატებითი ზეწოლის გარეშე. ამავდროულად, ისინი ამ პროცესს უკრაინაში არსებული ვითარების მიმართ აშშ-ის ინტერესის შენარჩუნების გზად მიიჩნევენ.