14 მარტის ღამეს, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ძალებმა აგრესორი რუსეთის, ორ სამხედრო გემს შეუტიეს.
ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამმართველო ავრცელებს.
დაზვერვის ცნობით, ოპერაციის შედეგად განადგურდა მტრის რკინიგზის ბორანი „სლავიანინი“ და დაზიანდა გემი „ავანგარდი“.
„ეს გემები ე.წ. ქერჩის საბორნე გადასასვლელის ძირითადი ელემენტები იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ აგრესორის საზღვაო სამხედრო ლოჯისტიკაში, კერძოდ, იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებაში.
ოპერაციის ფარგლებში, სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად, ასევე განახორციელა ცეცხლის დარტყმა კრასნოდარის მხარეში მდებარე „კავკაზის“ პორტის ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ომის წარმოებისთვის იყენებს“, - აღნიშნულია სამმართველოს ინფორმაციაში.
ცნობისათვის, 14 მარტის ღამეს, რუსეთის ადიღეის რესპუბლიკაში მდებარე „მაიკოპის“ აეროდრომი, ასევე აფიპსკის ქარხანა და კრასნოდარის მხარეში მდებარე „კავკაზის“ პორტი დაბომბეს.