პროკურატურამ „პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო ორ პირს – ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს, ბრალი წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბრალის წარდგენა დღეს მოხდა, ხოლო საქმეზე ბრალდებულები დაკავებულები არ არიან.
ცნობისათვის, ინციდენტი 8 სექტემბერს მოხდა. „პუბლიკის“ ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა ლევან ზარდიაშვილმა. იმავე დღეს მოხდა ალექსანდრე ქეშელაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდი. უცნობმა პირმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა, რომელიც მოგვიანებით დაიბრუნა.
გამოცემის თანახმად, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.