ჯო უილსონმა თავისი მრავალსერიანი საპნის ოპერით უკვე დაგვღალა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„გავიგეთ, რომ რაღაც ახალი თემა იქნება. შეგვიძლია, მოვემზადოთ, რომ ორ კვირაში ერთხელ ვიხილავთ, ამ საკითხს მიიღებენ თუ არა. ეს ყველაფერი ნაკლებად საინტერესოა. სტატისტიკა ვნახეთ, რომ ჯო უილსონის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტებიდან მხოლოდ ერთია მიღებული, არადა, დაინიცირებული აქვს ასობით კანონპროექტი. როგორც ჩანს, ეს მისი გარკვეული ჰობია. რაც შეეხება ჩინეთს, ჯო უილსონმა ტელევიზორი ჩართოს და გერმანიის კანცლერს ნახავს, რომელიც ახლა ჩინეთშია, გახარებულია და კარგი შეხვედრები აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტი წარადგინა, რომელიც „საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს. აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“.