ევროკავშირის საბჭომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 569 პირისა და კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა. ევროკავშირის საბჭოს 12 ოქტომბრის განცხადების თანახმად, ყველაზე მასშტაბური სანქციებია რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
სანქციები 826 რუსულ კომპანიასა და ამ კომპანიების 743 ხელმძღვანელს შეეხება. მათი საქმიანობა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან არის დაკავშირებული.
სანქციების სამიზნე კომპანიები რუსეთის სამხედრო მრეწველობისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებს აწვდიან. მათ შორისაა ელექტრონული მოწყობილობები, ნახევარგამტარები, მიკროსქემები, საკომუნიკაციო აღჭურვილობა, რადარები, საავიაციო, სატელიტური და სარაკეტო სისტემები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, საბრძოლო მასალა და სანავიგაციო მოწყობილობები.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, სანქციების ნახევარზე მეტი ბალისტიკური რაკეტების წარმოების ჯაჭვში ჩართულ პირებსა და კომპანიებს ეხება.
კალასის თქმით, ახალი შეზღუდვები რუსეთს იმ იარაღის წარმოებას გაურთულებს, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.
სანქცირებულ პირებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ, ხოლო მათი აქტივები გაიყინება. ასევე იკრძალება მათთვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფინანსური სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების მიწოდება.
ახალი გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად მოქმედი სანქციების რეჟიმის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების სიაში შეყვანილ პირთა და ორგანიზაციათა საერთო რაოდენობა დაახლოებით 4 600-მდე გაიზარდა.